რატომ მცირდება ქართული კომპანიების აქციების ფასები – მარინა გულედანის შეფასება

რატომ მცირდება ქართული კომპანიების აქციების ფასები – მარინა გულედანის შეფასება

კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების შემცირება საქართველოში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს უკავშირდება.

როგორც გულედანმა BMG-ის განუცხადა, სავარაუდოა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, ინვესტორების ნაწილი ქართული ბანკების აქციებს ყიდის.

თუმცა მისივე თქმით, მიუხედავად, აქციების ღირებულების შემცირებისა, ქართული კომერციული ბანკები ჯანსაღ მდგომარეობას ინარჩუნებენ.

„ინვესტორების მოლოდინი გაურკვეველია, ყველა არჩევნებს ელოდება. გასულ პერიოდში „რუსული კანონის“ მიღების ფონზე, ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, შემდეგ ცოტა აიწია. ახლა მოსალოდნელი არჩევნების ფონზე, ისევ ქვემოთ ჩამოვიდა. არის ინვესტორთა კატეგორია, რომელსაც შესაძლოა, არ ჰქონდეს სურვილი გაურკვევლობის ეს დიაპაზონი აიტანოს, რომელიც ამ არჩევნებს ახლავს თან. თუმცა ინვესტორების უმეტესობა სავარაუდოდ, ამ პოზიციებს ბოლომდე დაიკავებს, რადგან ეს ბანკები ჯანსაღია. ცხადია, შიდა მოძრაობებიც არის, ლიკვიდურ ბაზრებზე ხდება ამ აქციებით ვაჭრობა. თავად აქციების ფასების ქვემოთ ჩამოსვლა გულისხმობს იმას, რომ ინვესტორები ამ ინვესტიციებიდან გადიან და აქციების ყიდვა-გაყიდვა ხდება. ზოგადად, ყველა არჩევნების წინ ბაზრებს ასეთი ვოლატილობა ახასიათებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოსთვის ეს არაა ჩვეულებრივი არჩევნები. ძალიან ბევრი რაიმე შეიძლება შეიცვალოს ამ არჩევნებზე, შესაბამისად, ეს ვოლატილობა ახლა ბევრად უფრო მაღალია“, – განაცხადა მარინა გულედანმა.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასებს შემცირების ტენდენცია აქვს. ერთკვირიან ჭრილში “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 3.33%-ითაა შემცირებული. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 1.81%-ით შემცირდა, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება – 3.21%-ით.

 

bm.ge

 

მსგავსი სიახლეები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების…

ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…